თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება-მრეწველები“ წევრები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსს თემურ თორდინავას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე, უწყების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
დეპუტატებმა სააგენტოს ხელმძღვანელს კონკრეტულ მისამართებზე არსებული ბაგა–ბაღების მდგომარეობის საკითხები დეტალურად გამოკითხეს და იქ არსებული საჭიროებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის, უკვე არსებულის შეკეთება-გამაგრების და ზოგადად, ამ სფეროსთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საკითხს შეეხო.
თემურ თორდინავამ ახალი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაობის დასრულების კონკრეტულ ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობისა და უკვე არსებულის აღდგენის შედეგად, დამატებით დაახლოებით 500 ადამიანის დასაქმება გახდება შესაძლებელი.
მანვე ბაღებში ერთი წლის მანძილზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 41 საბავშვო ბაღში უკვე მოეწყო სათამაშო მოედნები, დაიგო ასფალტის საფარი, უმეტეს ბაღში აღდგენილია ღობეები.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაგა-ბაღებში საკვები პირობების გაუმჯობესებას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს.
მისივე ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით მოხდა ტერიტორიების მოძიება ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სადაც მომავალი წლისთვის ახალი ბაგა-ბაღები აშენდება.
დეპუტატებმა კითხვები ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან და მათი კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით დასვეს, რაზეც თემურ თორდინავას თქმით, სააგენტო ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.
თემურ თორდინავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ახალი ბაღების მშენებლობასთან ერთად გათვალისწინებული იქნება ბაღებში ეზოს პერიმეტრის კეთილმოწყობა, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი, ბაღების ფასადების გაკეთება და პანდუსების მოწყობა.